გორში მეწარმეებს ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

საქართველო, თბილისი - 18:40 | 26.01.2018
ნანახია: 833

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ შიდა ქართლში მეწარმეებს ევროპის მეწარმეთა ქსელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ღონისძიებას ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის 40-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. 

ევროპის მეწარმეთა ქსელი ევროპაში უმსხვილესი ბიზნეს-პლატფორმაა, რომელიც ათეულობით ქვეყნის ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციას მოიცავს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქსელის პარტნიორი რამდენიმე თვის წინ გახდა და სპეციალური სერვისის საშუალებით ის ქართველ მეწარმეებს უცხოელი პარტნიორების მოძიებას ევროპის მეწარმეთა ქსელის დახმარებით სთავაზობს. 

გორში გამართულ შეხვედრაზე პალატის მიერ შემუშავებული ქართულენოვანი აპლიკაცია 10-მა მეწარმემ შეავსო და პლატფორმაზე დარეგისტრირების სურვილი გამოთქვა. EEN-ზე დარეგისტრირების მეორე ეტაპის ფარგლებში პალატა შევსებულ აპლიკაციებს დაამუშავებს და მეწარმეთა შეთავაზებების პლატფორმაზე დარეგისტრირებას უზრუნველჰყოფს. 


საინფორმაციო შეხვედრას გორში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი ხელმძღვანელობდა. პალატამ დღეს ადგილობრივ მეწარმეებს კიდევ ერთი სერვისი „მოიძიე პარტნიორი“ წარუდგინა, რომელიც უცხოელი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებისა და უცხოური კომპანიების გადამოწმების სანდო საშუალებაა. 

„ჩვენ ვცდილობთ მეწარმეებს შევუქმნათ კომფორტი და მათი საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო სერვისების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მივაწოდოთ. ასეთი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება. ევროპის მეწარმეთა ქსელი კარგი საშუალებაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უცხოეთში პარტნიორის მოძიების კუთხით. ეს ქსელი ევროკავშირისთვის სამუშაო ადგილების გაზრდისა და სტიმულირების საკითხში საკვანძო ინსტრუმენტს წარმოადგენს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მივცეთ საშუალება ქართველ მეწარმეებს მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“- განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა. 

საქართველოს EEN-პლატფორმაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მუშაობის შედეგად ჩაერთო. 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმიდან გამომდინარე ევროპის მეწარმეთა ქსელს საქართველოში უკვე სამი პარტნიორი ჰყავს: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ნებისმიერ კომპანიას თუ ფიზიკურ პირს, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წამოყენებული მოთხოვნა EEN-ის შინაარსს შეესაბამება, საშუალება აქვს შეავსოს Online-აპლიკაცია ქართულ ენაზე, ან ფორმის შევსების შესახებ კონსულტაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიაროს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე