ხიზრი მარგოშვილთან ანატოლი ბერძენიშვილი 17 წელია მეგობრობს - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 18:05 | 23.01.2018
ნანახია: 843

ხიზრი მარგოშვილთან ანატოლი ბერძენიშვილი 17 წელია მეგობრობს, მათ ჰქონდათ ცხვრის საერთო ბიზნესი, - ამის შესახებ ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატმა მაია სირძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით ამ ეტაპზე არ იცის დაარღვევს თუ არა დუმილის უფლებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

„სავარაუდოდ, საქმის მასალებს გადმომცემენ და შემდგომ დაიწყება ბრალის წარდგენა. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაარღვევს თუ არა დუმილის უფლებას. ხიზრი მარგოშვილთან ანატოლი ბერძენიშვილი 17 წელია მეგობრობს, მათ ჰქონდათ ცხვრის საერთო ბიზნესი. ისინი სხვადასხვა რაიონებში ერთად დადიოდნენ, ყიდულობდნენ ცხვრებს და აბარებდნენ ინვესტორს. რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, ალბათ იცნობდა, თუმცა ურთიერთობა არ ჰქონია. რაც შეეხება ჩატაევს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ამ თემაზე ჩვენ არ გვისაუბრია. ბრალის წარდგენის შემდგომ აუცილებლად შევხვდები ბერძენიშვილს“, - განაცხადა მაია სირაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბერძენიშვილი ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველოს საზღვრის მწვანე ზოლის გადაკვეთაში დაეხმარა. ანატოლი ბერძენიშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის მიმართ ბრალის წარდგენა მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე