ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია

საქართველო, თბილისი - 18:15 | 22.01.2018
ნანახია: 766

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ მუშაობა დაიწყო. სტრასბურგში იმყოფება საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს ახალი პრეზიდენტი აირჩია. თანამდებობა სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მიკელე ნიკოლეტიმ დაიკავა. 

„საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - მიკელე ნიკოლეტი, რომელიც გასული წლების განმავლობაში, სოციალისტების პოლიტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ჩვენ სოციალისტების ჯგუფში ვართ გაწევრიანებულები და შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში, მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. მივესალმებით ასამბლეის ამ გადაწყვეტილებას. გასულ წელს ასამბლეას მძიმე წელი ჰქონდა. ყოფილი პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის წინააღმდეგ იყო მძიმე ბრალდებები, რამაც საკმაოდ დააზიანა  საპარლამენტო ასამბლეა. იმედი გვაქვს, რომ ასამბლეა რეაბილიტაციას ეფექტურად შეძლებს და მიზნების განხორციელებაში წარმატებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ასამბლეის დღის წესრიგშია ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის არჩევაც. კომისრის თანამდებობაზე სამი კანდიდატი: გორან კლემენჩიჩი, პიერ-ივ ლე ბორნი და დუნია მიატოვიჩი არიან წარდგენილი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტმა მხარი სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის წევრის, პიერ-ივ ლე ბორნის კანდიდატურას დაუჭირა.

„სესია ადამიანის უფლებების დაცვის ახალ კომისარს ირჩევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არის სამი კანდიდატი. მათგან ერთ-ერთს, რომელიც სოციალისტების ჯგუფის წევრია, უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტმმა და სავარაუდოდ, კომისარი სწორედ ის გახდება“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე