სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა იყო - თამაზ ქვლივიძის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 14:22 | 17.01.2018
ნანახია: 933

„სასამართლომ ზეწოლას ვერ გაუძლო და აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ ერთი სამართალდამცავისა კლუბ  "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა ზაზა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის მტკიცებით, სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა იყო.

„არავითარი ახალი გარემოება და საფუძველი იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვლილიყო, არ არსებობდა. ბრალდებას დაზიანების ხარისხის ამსახველი არავითარი დოკუმენტი და არც ექსპერტიზის დასკვნა წარმოუდგენია, მხოლოდ ექიმმა მისცა ჩვენება, რომ თითქოს, დროული ჩარევა თუ არ მოხდებოდა, ის გარდაიცვლებოდა. ამ ლოგიკით, მისთვის, შესაძლოა, მკვლელობის მცდელობის ბრალიც წარედგინათ. არავითარი თავდასხმა პოლიციელზე არ ყოფილა, ის იყო თუ არა პოლიციის თანამშრომელი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, რადგან ის პოლიციის ფორმით არ იმყოფებოდა და არც მოწმობა წარუდგენია მისთვის. დაცვის თანამშრომელმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფეხქვეშ გაიგდო, სცემდა.  მას არათუ პოლიციელისთვის, არამედ, უბრალო მოქალაქისთვის დაზიანების მიყენება არ ჰქონია განზრახული,  ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გაშველების დროს მიყენებული დაზიანებები“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს განჩინება გააუქმა და ერთი სამართალდამცავისა და კლუბ  "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში პროკურატურამ გაასაჩივრა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ქვლივიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე