შსს არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას - ნათია მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:38 | 16.01.2018
ნანახია: 842

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტისას დაზარალებულთა უფლებების დასაცავად სამართალდამცავმა ორგანოებმა  კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

,,ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს,  ჩვენი თანამშრომლის და კლუბის დაცვის 2 წევრის დაჭრის ფაქტს. კერძოდ, ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის  მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე   დაზიანება  მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე,  დაზიანებები  მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა.

ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის ყველა ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილზე. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პოლიციელს გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე