„ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პოლიციელს გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემენ

საქართველო, თბილისი - 14:17 | 16.01.2018
ნანახია: 1374

„ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პოლიციელს გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

,,ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი ადამიანები და დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული”, - განაცხადა შსს მინისტრის მოადგილემ

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ერთი სამართალდამცველისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. შემთხვევა 13 იანვრის ღამეს, კლუბ "ბასიანის" მიმდებარედ, დინამოსთან მოხდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე