საკრებულოს წევრებმა მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მეტროს 52-ე დაბადების დღე მიულოცეს

საქართველო, თბილისი - 18:45 | 11.01.2018
ნანახია: 882

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით, ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრების „ლაზარე“ და „რწმენა“ ბენეფიციარები ელექტროდეპო „გლდანს“ ესტუმრნენ და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს მეტროს გახსნიდან 52-ე დაბადების დღე მიულოცეს. ღონისძიებას საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძეც ესწრებოდა. 

საკრებულოს წევრებმა, ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრების ბენეფიციარებთან ერთად, მეტროპოლიტენის უხუცეს მემანქანეს ანდრო ხიხაძეს და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. 

„თბილისის მეტრო ჩვენი ქალაქის ერთგვარი სიმბოლოა. ამიტომ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა გადავწყვიტეთ დღის ცენტრების ბავშვებთან ერთად თბილისის მეტროს გახსნის დღე დეპოს თანამშრომლებისთვის მიგველოცა. დღის ცენტრის ბავშვებს დავათვალიერებინეთ ის ადგილი, სადაც მეტროს მოძრავი შემადგენლობების შეკეთება ხდება. დეპოს თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრებიც გადავეცით“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა. 

მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ბავშვებს ელექტროდეპო დაათვალიერებინეს და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე