სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ,,ფოტოგრაფების" საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქართველო, თბილისი - 12:21 | 09.01.2018 ნანახია: 923თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად ძალაში დატოვა ე.წ. ,,ფოტოგრაფების" საქმეზე მსჯავრდებული პირების დავით დევნოზაშვილის და ალექსანდრე მუხაძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის20 ივლისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია:
"2011 წლის 07 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ იქნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპა"-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის" ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე, რომლებიც მოათავსეს შსს ქ.თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში.
შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით დევნოზაშვილმა გადაწყვიტა დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით, მათგან მიეღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ.
ამ მიზნის განსახორციელებლად დავით დევნოზაშვილი 2011 წლის 07 და 08 ივლისს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის ჟურნალში, რამოდენიმეჯერ, ცალ-ცალკე შეხვდა დაკავებულ ცოლ-ქმარს ირაკლი და ნათელა გედენიძეებს, რომლებსაც ნათელა გედენიძის პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოს გავრცელების მუქარით და შვილების მომავალზე შანტაჟით, იძულებით მიაცემინა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცრუ აღიარებითი ჩვენებები.
ასევე, N8 საპყრობილეში, დავით დევნოზაშვილი, ამავე საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის დახმარებით, რომელიც სამართალდამცავების და ფოტორეპორტიორების ფარული შეხვედრების ორგანიზებას ახდენდა, რამოდენიმეჯერ შეხვდა ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულა მიეცა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენება.
მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დავით დევნოზაშვილმა აღიარებით ჩვენებებზე დაიყოლია ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე, იგი 2011 წლის 15 ივლისს, N8 საპყრობილეში, ღამის საათებში, ალექსანდრე მუხაძის დახმარებით, ფარულად შეხვდა გიორგი აბდალაძეს. ბრალდებულთან შეხვედრისას, დავით დევნოზაშვილი გიორგი აბდალაძეს ეუბნებოდა, რომ იგი ,,მათ ხელში" იყო; ,,რაც უნდათ იმას უზამდნენ". საუბარში უხსენებდა შვილს, რომელიც შეიძლება ავარიაში მოხვედრილიყო.
დავით დევნოზაშვილის მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო გიორგი აბდალაძემ და იგი დათანხმდა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებით ჩვენების მიცემას, რომლის შინაარსიც დავით დევნოზაშვილისმიერ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რასაც ბრალდებული დაიზეპირებდა და მეორე დღეს, მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით იგი აღიარებით ჩვენებას ჩამოაყალიბებდა საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვის დროს, ვიდეოკამერაში. ამ მიზნით, დავით დევნოზაშვილი, მის თანმხლებ სამართალდამცავებთან ერთად, ბრალდებულის დაკითხვის ოქმში ჯაშუშობის გამოგონილი ისტორიის ასახვის მიზნით, რამოდენიმე საათის განმავლობაში აზეპირებინებდა გიორგი აბდალაძეს წინასწარ შეთხზულ ჩვენებას, რაც მეორე დღეს უნდა დაეფიქსირებინა ამ უკანასკნელს დაკითხვისას.
2011 წლის 16 ივლისს, დავით დევნოზაშვილის მიერ განსაზღვრული გეგმის/სცენარის მიხედვით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გიორგი აბდალაძემ მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით, ვიდეოგადაღებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვისას მისცა ცრუ აღიარებითი ჩვენება, რითაც მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია.
დავით დევნოზაშვილის მიერ ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ნათელა და ირაკლი გედენიძეების მიმართ განხორციელებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს შედეგად მოჰყვა ხსენებული პირების უფლების არსებითი დარღვევა პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით დევნოზაშვილს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გარდა ამისა, უკანონოდ გასამართლებული ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, რის საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა