დავით ნარმანიამ საქალაქო სამსახურების უფროსებისა და ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატურები წარადგინა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 18.11.2015
ნანახია: 1537

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ  საქალაქო სამსახურების უფროსებისა და ვაკის რაიონის გამგებლის კანდიდატურები წარადგინა.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამდებობაზე საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება გივი კუბლაშვილის კანდიდატურა. გივი კუბლაშვილი განათლებით სამართალმცოდნეა და მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში.

რაც შეეხება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, აღნიშნულ თანამდებობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა წარედგინება დასანიშნად. გიორგი ბაგრატიონი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია და იგი, ამ დრომდე, დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შპს-ს, „თბილსერვის ჯგუფს“ ხელმძღვანელობს.

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საკრებულოს  ირაკლი გვილავას კანდიდატურა წარედგინება. ირაკლი გვილავა 2013 წლიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ამასთანავე, ირაკლი გვილავა გახლავთ საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის წევრი. იგი, აღნიშნულ სფეროში, ინტენსიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში.

კიდევ ერთი სამსახური, რომლის უფროსის კანდიდატურაც  საკრებულოს წარედგინება ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურია. ამ თანამდებობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნოდარ ჭიჭინაძის კანდიდატურა წარედგინება დასანიშნად. ნოდარ ჭიჭინაძე პროფესიით ეკონომისტია და გარდა იმისა, რომ აღნიშნულ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, იგი, ასევე, წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებსა და პროგრამებში. ამავდროულად გახლავთ არაერთი ვრცელი ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი საფინანსო სფეროში.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი საკრებულოს ნინო სულხანიშვილის კანდიდატურა წარედგინება. ნინო სულხანიშვილი ჯერ კიდევ 1993 წლიდან მუშაობდა მერიის მიწის მართვის სამმართველოში. მოგვიანებით კი მან საქმიანობა განაგრძო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნინო სულხანიშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან პარტნიორობით, განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი გარემოსდაცვითი პროექტი. იგი გახლავთ თბილისის გაფასების რუკის ავტორი.

რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგებლის ვაკანტურ პოსტს, აღნიშნულ თანამდებობაზე დედაქალაქის მერმა ნოდარ ტურძელაძე წარადგინა, რომელიც ამ დრომდე ვაკის რაიონის გამგეობაში გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ნოდარ ტურძელაძეს აქვს მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობის დარგში. აღსანიშნავია, რომ იგი, ასევე, აქტიურად იყო ჩართული 13 ივნისიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

აღნიშნული კანდიდატურები საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს გადაეგზავნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე