ირაკლი და დავით ბერიშვილები ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებას აღიარებენ

საქართველო, თბილისი - 18:18 | 22.12.2017
ნანახია: 895

კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ირაკლი და დავით ბერიშვილები ე.წ. ჩაწობილ თამაშებთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებას აღიარებენ.

ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

„მათი პოზიცია არის სიმართლის თქმა, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ამბობენ სიმართლეს. ისინი აცხადებენ, რომ მათ გარკვეული თანხა აიღეს, გარკვეული დანაშაული მათ მიერ წინასწარი მონაცემებით ასეთია, აღიარებენ დანაშაულს. ისინი დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, არ მოქმედებენ და ამის შესახებ გამოძიებაში დადგინდება. მე ახლა ვერ გეტყვით დეტალურად, ვინ მონაწილეობდა კიდევ ამ სქემაში,“ - განაცხადა ადვოკატმა. 

კიდევ ერთი დაკავებული, თემურ დათიკაშვილი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატი, თამარ აბესაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროვოკაციის მსხვერპლია. თამარ აბესაძე თავს იკავებს დააზუსტოს, რა იგულისხმა პროვოკაციაში.

„აბსოლუტურად ყველაფერს უარყოფს, რომ აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და ძალიან წუხს ყოველივესთან დაკავშირებით და გამოხატავს გულისტკივილს ამასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ჯანსაღ სპორტს და ახლა ხდება ისე, რომ მასთან დაკავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები და ეს არის მისთვის შოკისმომგვრელი,“ - განაცხადა თამარ აბესაძემ. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი  ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას  4-დან 6 წლამდე ვადით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე