სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

საქართველო, თბილისი - 16:11 | 20.12.2017
ნანახია: 859

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია წერია, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს. 

"სადავო მუხლები გულისხმობს დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემას (3781), აგრეთვე აკრძალული საგნის შეძენას, შენახვას, ტარებას, მოხმარებას ან/და ამ საგნით სარგებლობას (3782). აღსანიშნავია, რომ აკრძალული ნივთების სია დადგენილია მინისტრის ბრძანებით.

ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი ნორმა უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი, ხოლო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამომდინარეობდეს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაციის მქონე აქტიდან - კანონიდან და არა კონკრეტული მინისტრების მიერ გამოცემული ბრძანებებიდან, რომლებიც ნებისმიერ დროს მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პირებისთვის აკრძალული ნივთების ფლობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა გამომდინარეობდეს მინისტრის ბრძანებიდან.

ამავდროულად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების ფლობა (მაგ. ბანქო, შაქარი, საფუარი) არ შეიძლება იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას. ეს სასჯელი მკვეთრად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, სასჯელის არაპროპორცულობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე