სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოებისთვის 300 000 ლარი დაიხარჯება

საქართველო, თბილისი - 14:33 | 09.12.2017
ნანახია: 791

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია განხორციელდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა.

 

როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა და უახლოეს პერიოდში  აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ირაკლი ბენდელიანის თქმით, ხუთი ბინა სრულად არის აღსადგენი, ორ ბინას კი მცირე დაზიანებები აქვს. 

 

„თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შემოწმება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს და დასრულებისთანავე მოსახლეობას აქ ცხოვრება შეეძლება.დაახლოებით რვა ბინაა, რომელიც საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილესთან ერთად დღეს დაზიანებული საცხოვრებელი ბინები ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორმა ლაშა სამხარაძემ დაათვალიერეს.

 

როგორც გივი კუბლაშვილმა განაცხადა, კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებს. აღდგენითი სამუშაოებისთვის დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე