სიძის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 17:21 | 07.12.2017
ნანახია: 1007

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, ჭიათურის რაიონში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა. ა-მ თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სიძეს ს.ნ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით კისრისა და სახის არეში მიაყენა ჭრილობები. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ა.ა. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე