ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტურობის გაზრდა - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 16:17 | 07.12.2017
ნანახია: 899

დღეს, ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტურობის გაზრდა, - ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

,,დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტურობის გაზრდა. ეს არის ამოსავალი წერტილი. ამისთვის შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის განათლების სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა მოხდა. აღნიშნული სამსახურის იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა. ამიტომ  ჩვენ ახლა მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაზრდის მანდატურების

საქმიანობის ეფექტიანობას. ვიდრე ეს მოხდება, მანამდე საპატრულო პოლიცია  

მობილიზებული იქნება და ყველა შესაძლებელ რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ სკოლებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, დაახლოებით,

2 კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება და საპატრულო პოლიციის  ეკიპაჟებს თბილისის  რამდენიმე სკოლასთან, ეს იყო

80-85 სკოლა, პატრულირება უკვე დაწყებული ჰქონდათ, დღის საათებში გადატვირთული მოძრაობის დარეგულირების მიზნით და სკოლაში მისასვლელად მშობლებისა და ბავშვების დასახმარებლად. ეს იყო მაშინ ძირითადი ამოცანა.

ჩვენ ახლა უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს, შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს მანდატურების სამსახურის ეფექტიანობა და ამის შემდგომ პატრულის როლი, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ჩვენ გვესმის მოქალაქეების, როცა ამბობენ, რომ პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის და ამას ვეთანხმებით. პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც უნდა იმუშაოს პოლიციამ.

მანდატურის სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც გვაქვს დღეს და არა მათ წინაშე, რომლებიც გვქონდა 5 ან 10 წლის წინ.

ამ ბმას ჩვენ აღვადგენთ, ჩვენ ვსაუბრობთ ბმაზე  საპატრულო პოლიციასთან და არა  კრიმინალურ პოლიციასთან, ან კიდევ სხვა რაღაცასთან. მიუხედავად იმისა, რომ მანდატური სამსახური უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მისი ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს პრევენცია და არა შსს-სთან მჭიდრო ურთიერთობა. ეს უნდა იყოს ძირითადი ამოსავალი წერტილი - ასეთი კავშირი უნდა არსებობდეს.

კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს. იმ სახით, რა სახითაც ჩვენ დღეს გვაქვს უბნის- ინსპექტორები, ეგრეთ წოდებულები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებინ სკოლის უსაფრთხოების და წესრიგის დამყარებაში - ეს სხვა წესრიგია, სხვა ტიპის ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანები”, - აცხადებს მინისტრი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე