მანდატურის სამსახური გაძლიერდება - მიხეილ ჩხენკელი

საქართველო, თბილისი - 13:50 | 07.12.2017
ნანახია: 1242

მანდატურის სამსახური გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მისი თქიმთ, ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ.

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საზოგადოებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს. როგორც მოგეხსენებათ, მე შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს და გადავწყვიტეთ, შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, რასაკვირველია, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, კულტურის და სპორტის სამინისტროები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის თემატიკით არიან დაკავებულები, რომ მოხდეს სტრატეგიის ჩამოყალიბება და მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს. 

პირველ რიგში, საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას. მინდა გითხრათ, რომ მანდატურების სამსახურის ფუნდამენტური შესწავლა მოხდება, გადაიხედება. მანდატურის სამსახური გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, მისი დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდგომ. კონკრეტულ დეტალებს, თუ როგორ მოხდება პატრულირება, რასაკვირველია, გაცნობებთ. ჩვენი მიზანია, უკვლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო. 

მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ მოხდეს პატრულირება, როგორი მარშრუტი იქნება, რათა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახლში ბრუნდებიან, გაძლიერებული იქნება პატრულირება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე