ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 04.12.2017
ნანახია: 915

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები თ.კ., გ.შ. და ზ.წ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, მოქალაქე თ.კ. დაკავებულია დანაშაულის დაფარვისთვის.

რაც შეეხება მოქალაქეებს - ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, მათ მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლოა, გაიზარდოს დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე.

ზემოაღნიშნულის გარდა, გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას.

შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე