მოსამართლემ სააკაშვილის საქმე არ აიცილა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 01.12.2017
ნანახია: 1022

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სააკაშვილის საქმე არ აიცილა.

,,დაცვის მხარისთვის ეს ცნობილი იმ დროს ვერ გახდებოდა, რა დროსაც მიუთითებს. არც ახლა ვმალავ და არც არასდროს დამიმალავს ჩემი ისტორიის და სტაჟის პერიოდი. უარს გეუბნებით შინაარსის გამო, რაც პროცესის დროს გააჟღერეთ. რაც შეეხება ჩემს უფლებამოსილებას, თავის დროზე ზედმიწევნით ვასრულებდი, რაც შეეხება დღევანდელს, სულ სხვა სისხლის სამართლის საქმეს ვიხილავთ. არანაირად მიკერძოებული არ ვყოფილვარ აქამდე და არც ვიქნები. მე ამ საქმის ფარგლებში ხმამაღლა ვაცხადებ, განაჩენის გამოტანისას ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება ის, რაც თქვენ აღნიშნეთ. თქვენი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია", - განაცხადა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, დღეს დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძის აცილებას თაობაზე.

როგორც ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა განაცხადა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენი მოსამართლე გიორგი ჩემიამ გამოიტანა, რა დროსაც მისი თანაშემწე სწორედ გიორგი არევაძე იყო და შესაძლოა მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე არაობიექტური განაჩენი გამოიტანოს. 

ამ წუთებში დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთვამს. 

მიხეილ სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. რაც, როგორც პროკურორმა, აღნიშნა, იმ უკანონო შეპირებას მოიცავს, რომელიც სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმის არგახსნის, მასში მონაწილე ორგანიზატორების და შემკვეთების არმხილების და მართლმსაჯულების არაღსრულების კუთხით განხორციელდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე