ჩვენ ვაყალიბებთ არა მარტო ახალ კონსტიტუციას, არამედ ახალ კონსტიტუციურ კულტურას - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:04 | 24.11.2017
ნანახია: 848

„ერთმანეთს რომ შეადაროთ კონსტიტუციის მოქმედი ტექსტი  და ახალი რედაქცია, ვერ ნახავთ ვერცერთ მუხლს, რომლითაც მმართველი პარტია რაიმე სახით თავის სუბიექტურ პოზიციებს იუმჯობესებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიზანი კონსტიტუციის დახვეწა და მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა იყო.  პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არის არცერთი მუხლი, რომლითაც მმართველი პარტიის პოზიციები უმჯობესდება, რაც, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმაზე მეტყველებს, რომ ყალიბდება ახალი დემოკრატიული და კონსტიტუციური ტრადიცია.

„რომ შეადაროთ ერთმანეთს დღეს მოქმედი ტექსტი კონსტიტუციის და ახალი რედაქცია, ვერ ნახავთ ვერცერთ მუხლს, რომლითაც მმართველი პარტია იუმჯობესებს რაიმე სახით თავის სუბიექტურ პოზიციებს. არცერთი მუხლი არ არის ასეთი, რომლითაც უმჯობესდება მმართველი პარტიის პოზიციები. რომ გადავხედოთ წინა 30-ზე მეტ ცვლილებას, რომელიც შევიდა კონსტიტუციაში, თითქმის ყველა მათგანის მიზანი იყო მმართველი პარტიის სუბიექტური პოზიციების გაძლიერება და გაუმჯობესება. ეს არის რეალობა, რომელიც არის წარმოდგენილი ახალ დოკუმენტში, რაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ ვაყალიბებთ არა მარტო ახალ კონსტიტუციას, არამედ ვაყალიბებთ ახალ დემოკრატიულ ტრადიციას, კონსტიტუციურ ტრადიციას და ახალ კონსტიტუციურ კულტურას და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება მომავალში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა პარლამენტის თბილისის სასახლეში მიმდინარეობს და მას უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებიან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე