სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ამ დრომდე მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 09:15 | 22.11.2017
ნანახია: 2021

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია, რომელიც გვიან ღამით დაიწყო, ამ დრომდე მიმდინარეობს.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცავების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

გავრელებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გვიან ღამით ისმოდა სროლის ხმა. გარდა ამისა, იყო რამდენიმე აფეთქებაც.

მანამდე კი, დაახლოებით 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.

სუს-ის ცნობით, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე