აშშ-ში საქართველოს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის 20 წლიანი წარმატებულ სამეცნიერო შედეგებზე იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 14:14 | 08.11.2017
ნანახია: 1973

საქართველოს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების, ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIAID/NIH) და მისი დირექტორის, მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერის - პროფესორ ენტონი ფაუჩის ინიციატივით, ქალაქ ბეთესდაში საქართველოს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის და მისი გუნდის წამყვანი წევრებისათვის სპეციალური მიღება და სამეცნიერო სესია გაიმართა.

შეხვედრის მიზანი NIAID/NIH-სა და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს შორის 20 წლიანი წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობის შედეგების შეჯამება და სამომავლო პერსპექტივების დასახვა იყო. ზემოთაღნიშნული ღონისძიება შიდსის ცენტრის აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში უდიდესი მიღწევების და დამსახურებების მკაფიო აღიარებაა. შეხვედრის დროს, თენგიზ ცერცვაძემ თავის მოხსენებებში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის 20-წლიანი გამოცდილების შედეგებზე და NIAID-თან თანამშრომლობით ჩატარებული ერთობლივი კვლევების ძირითად მიღწევებზე ისაუბრა.

კერძოდ, აივ/შიდსის მოლეკულური ეპიდემიოლოგიის და მწვავე/ახალი C ჰეპატიტის დარგში ჩატარებული ინოვაციური კვლევების შედეგებზე. თენგიზ ცერცვაძემ ამერიკულ მხარეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი შედეგები გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნულმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო საქართველოში აივ/შიდსის თანამედროვე ტიპის სამსახურის შექმნას და ახალგაზრდა ნიჭიერი თანამშრომლების წარმოჩინებას. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნიკოლოზ ჩხარტიშვილის მოხსენებაში წარმოდგენილი იყო საქართველოში აივ/შიდსის დარგში არსებული ძირითადი მიღწევები და გამოწვევები. მედიცინის დოქტორის აკაკი აბუთიძის მოხსენებაში კი, წარმოდგენილი იყო აივ/შიდსის და ტუბერკულოზის კოინფექციის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და კლინიკური მენეჯმენტის საკითხები.

პროფესორმა ფაუჩიმ მაღალი შეფასება მისცა ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შედეგებს და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიღწევებს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში. მან გამოთქვა რეკომენდაციები მომავალი კვლევების პრიორიტეტების თაობაზე.

შეხვედრას აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი თამარ ჭელიძეც ესწრებოდა. ამერიკის მხარემ ქართველი კოლეგებისთვის მეგობრული სადილიც გამართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე