„დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 14:24 | 06.11.2017
ნანახია: 1470

საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ 8 ნოემბერს, ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისის სპორტის სასახლეში ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლებს.

მომავალ მეტოქეს დინამოელები 18 ოქტომბერს სოფიაში შეხვდნენ, სადაც ბოლო წუთამდე მოგების შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ 70:73 დამარცხდნენ. 3 ტურის შემდეგ ქართულ კლუბს მოგება არ აქვს და 4-გუნდიან ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ ფიბა ევროპის თასზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. დინამოელებმა ესპანურ „ხუვენტუტთნ“ 2 მატჩის ჯამში წააგეს, საკვალიფიკაციო ეტაპს  გამოეთიშნენ და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლეს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი E ჯგუფში რუმინულ „კლუჟ-ნაპოკასთან“, თურქულ „ისთანბულთან“ და ბულგარულ „ლუკოილ აკადემიკთან“ მოხვდა. გათამაშების ფორმატის თანახმად მთლიანობაში მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დარჩენილი აქვს და მის მისაღწევად 8 ნოემბრის მატჩში გამარჯვება აუცილებლად სჭირდება.

„დინამო თბილისისა“ და „ლუკოილ აკადემიკის“ შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში  (მის: კოსტავას ქ. N75) 8 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო წინა დღეს, 7 ნოემბერს, 18:30 საათზე ქართული კლუბი სპორტის სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე