ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 06.11.2017
ნანახია: 954

ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს დილით 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.  პოეტი, აგვისტოში ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წელს თბილისში დაიბადა. ჯანსუღ მან 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ გამოვიდა პოეტის რამდენიმე კრებული.

 ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: „რწმენის კედელი” (1970), „დიდი ნათელი” (1980), „ერთტომეული” (1981), „რჩეული პოემები” (1983), „მე და შენ” (1984), „არცა ვმსახურობდე სხვას!” (1989), პუბლიცისტური წიგნი „თავისუფლება ლომთა ხვედრია”. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. 1962-63 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში – ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი, 1967-77 წლებში – ჟურნალ „ცისკრის” მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას” მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.

1978 წელს მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, 1985 წელს კი, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1998 წელს მიიღო შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია.

ჯანსუღ ჩარკვიანი ღირსების ორდენის კავალერი იყო. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება კი მიენიჭა 1996 წელს. 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე