გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილეს, ვიცე-ადმირალ ერვი ბლეჟონს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 03.11.2017
ნანახია: 1018

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილეს, ვიცე-ადმირალ ერვი ბლეჟონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობა ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„საქართველოს, როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული კონტრიბუცია ნატო-ს საზღვაო ოპერაციებში, რაც, ცხადია, გააძლიერებს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობებს და აამაღლებს ჩვენს ურთიერთთავსებადობას ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებთან.

ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ალიანსის წევრი სახელმწიფოების 4 ხომალდს. დამერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის პორტები მოკავშირეებისთვის მუდმივად ღია და უსაფრთხოა,“ - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილესთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ვიცე-ადმირალმა ქართულ მხარეს ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ღირებული და მნიშვნელოვანი პარტნიორია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე