სააპელაციო სასამართლომ თამაზ მეჭიაურის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:09 | 27.10.2017
ნანახია: 1651

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თამაზ მეჭიაურის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლე შოთა გეწაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

თიანეთის მერის არჩევნებში მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილებას თიანეთის მე–19 ოლქი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ და ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდნენ.

თავდაპირველად, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ მცხეთის რაიონული სასამართლოსგან ითხოვდა, სასამართლოს თიანეთის მე-20 უბნის შედეგები გაებათილებინა. ალტერნატიული სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", რომელიც მეჭიაურის ინტერესებს იცავს. საია მოითხოვდა, გაუქმებულიყო საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე-20 უბნიდან მიტანილი გაბათილებული ბიულეტენების გახსნა და მათგან 5 ბათილად ცნობილი ბიულეტენის აღდგენა მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა პროცესზე. გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გააუქმა, რის შემდეგაც ძალაში ისევ შემაჯამებელი ოქმი შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე