პოლანსკი 10 წლის გოგონას სექსუალურად ავიწროებდა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 23.10.2017
ნანახია: 1241

რეჟისორ რომან პოლანსკის კვლავ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

უცხოური მედიის ცნობით, ამერიკელი მხატვარი მარიანა ბარნარდი აცხადებს, რომ როდესაც 10 წლის იყო, რეჟისორი მას სექსუალურად ავიწროებდა.

მისი თქმით, ინციდენტი 1975 წელს მოხდა - პოლანსკის აშშ-დან გაქცევამდე ორი წლით ადრე, როდესაც ის არასრულწლოვან სამანტა გეიმერის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს.

პატარა მარიანას დედას სურდა, რომ მისი ქალიშვილი კინოს სამყაროში მოხვედრილიყო და გოგონა პოლანსკისთან სინჯებისთვის მიიყვანა. ფოტოგადაღებები მალიბუს სანაპიროზე გაიმართა, სადაც რეჟისორი საცურაო კოსტიუმში ჩაცმულ გოგონას ფოტოებს უღებდა.

 „მოულოდნელად მან მთხოვა საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილი გამეხდა. მაშინ ჩემთვის ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილა: 10 წლის ვიყავი და მაისურის გარეშე ხშირად დავრბოდი. მაგრამ შემდეგ სხვა დანარჩენის გახდაც მთხოვა, ეს არ მომეწონა. ამ დროს შევნიშნე, რომ დედა სადღაც წავიდა. არ ვიცოდი, სად იყო და როდის დაბრუნდებოდა. მან კი ჩემი სექსუალური შევიწროება დაიწყო“, - ამბობს მარიანა ბარნარდი და აღნიშნავს, რომ დღემდე ებრძვის მაშინდელ შედეგებს - პოსტტრავმულ სინდრომსა და კლაუსტროფობიას.

ბარნარდი მიიჩნევს, რომ პოლანსკი თავისი უპატიებელი ქმედებების გამო უნდა დაისაჯოს და კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას მისი გარიცხვისკენ მოუწოდებს, როგორც ეს ჰარვი ვაინშტაინის შემთხვევაში გააკეთეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე