პრემიერი: შუალედური არჩევნები ორივე მაჟორიტარულ ოლქში, კანონის შესაბამისად ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 19:30 | 12.11.2015
ნანახია: 1681

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ შუალედური არჩევნები ორივე მაჟორიტარულ ოლქში, კანონის შესაბამისად ჩატარდა.

,,ობიექტური გარემოებები მიუთითებს, რომ შუალედური არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა და ორივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩემთვის ცნობილია, „პატრიოტთა ალიანსმა“ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საგარეჯოს საარჩევნო ოლქში კონკრეტულ, შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა კანონის სრული დაცვით იმოქმედებს. მე პირადად აქტიურად დავაკვირდები და თვალყურს მივადევნებ ამ პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები აღნიშნულთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ირმა ინაშვილმა შეძლო შუალედურ არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ რესპუბლიკელი კანდიდატისთვის, თამარ ხიდაშელისთვის რეალური ოპონირება გაეწია. ფაქტია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური გარემო ღია და კონკურენტული გახდა. ეს მმართველი პოლიტიკური ძალისთვის დამატებითი ფაქტორია, რომ ოპონირების პირობებში გაორმაგებული ძალისხმევით იმუშაოს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ასევე, მიმაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა გაუმჯობესებას და დახვეწას საჭიროებს, რაზეც მიმდინარეობს კიდეც მუშაობა. იმედი მაქვს, ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა კონსტრუქციულად ჩაერთვება და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში საკუთარ წვლილს შეიტანს, რათა ყველამ ერთად მივიღოთ ისეთი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მინდა მივმართო „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, შეწყვიტონ პროტესტის ეს რადიკალური ფორმა და საარჩევნო კანონმდებლობასთან თუ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მშვიდ გარემოსა და სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში, გააგრძელონ ოპონირება.

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ორი ეროვნული მასშტაბის არჩევნები,   მაღალი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ჩავატარეთ და საქართველოს მოქალაქეების არჩევანს კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დავაყენებთ”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე