მარტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეძლევა ქონება?! სხვა ეკლესიებსაც ხომ ეძლევა - მამა მიქაელი

საქართველო, თბილისი - 15:28 | 06.10.2017
ნანახია: 1032

სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის მიწის ან სხვა ქონების გადაცემის საკითხი აბსოლუტურად გამჭვირვალედ ხდება'', - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვით 2016-2017 წლებში სახელმწიფომ 28-ჯერ 1 ლარად, დაუსაბუთებლად გადასცა საპატრიარქოს გარკვეული მიწის ნაკვეთები.

მისი თქმით, დასაბუთებული მასალები მიდის სახელმწიფო კანცელარიაში იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის სჭირდება ეკლესიას მიწა ან გარკვეული ქონება.

როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტია, რადგან ქვეყანაში უმრავლესობას მართლმადიდებლები წარმოადგენენ.

,,მე ვფიქრობ, რომ ეს თემები ხელოვნურად არის აჟიტირებული, რადგან ვიღაცის ინტერესებში არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ გადაეცეს არანაირი ქონება. ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად განვიხილავთ მიზანშეწონილობას ამა თუ იმ ქონების გადმოცემის შესახებ, ახლაც ვიმყოფებოდი სახელმწიფო კანცელარიაში. მე მაქვს ერთი ხმა, კომისიის წევრია 10 ადამიანი. ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსით ვიღებთ. დასაბუთებული მასალები მოდის სახელმწიფო კანცელარიაში იმასთან დაკავშირებით, რისთვის სჭირდება ეკლესიას ესა თუ ის მიწის ნაკვეთი. ფაქტობრივად, ჩვენ მიწის ნაკვეთს არ ვითხოვთ, თუ მასზე ეკლესიის მშენებლობა არ არის გამიზნული. რაც შეეხება ამორტიზირებულ შენობებს და სხვა ქონებას, რომელსაც სახელმწიფო აძლევს ეკლესიას, ეს ეკლესიას ინფრასტრუქტურისთვის სჭირდება”, - აცხადებს მამა მიქაელი.

მისივე თქმით,  სახელმწიფო არის სამართალმემკვიდრე იმ სახელმწიფოსი, რომლის დროს ეკლესიამ დაკარგა უზარმაზარი და განუსაზღვრელი რაოდენობის ქონება,

,,ამიტომ ნურავის უკვირს, როდესაც სახელმწიფოსგან ეკლესია იღებს ქონებას. ასეთივე ქონებას იღებენ სხვა რელიგიური დომინანტები საქართველოში. რატომ მათზე არ გიჩნდებათ მსგავსი კითხვები? მარტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეძლევა ქონება?! სხვა ეკლესიებსაც ხომ ეძლევა. ამაზეც ვისაუბროთ”, - განაცხადა მამა მიქაელმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე