საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრში სტუდენტთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:31 | 04.10.2017
ნანახია: 996

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში სტუდენტების რეგისტრაცია დღეიდან, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან დაიწყო. დაინტერესებულ პირებს საბუთების შეტანა 15 ოქტომბრამდე შეეძლებათ. ჩარიცხვის წინაპირობაა სრული საშუალო განათლება და პროფესიული ტესტირების შედეგები.

ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სადაც სწავლება 100%-ით სახელმწიფოს მიერ არის დაფინანსებული,  დაინტერესებულ პირებს სთავაზობს 4 პროფესიულ პროგრამას, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს:

  • მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი
  • სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი
  • მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსი
  • მექატრონიკის ტექნიკოსი

სწავლების ხანგრძლივობა სპეციალობების შესაბამისად, 12-დან 24 თვემდეა.  თეორიული კურსის პარალელურად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს უახლესი  ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში დაეუფლებიან და სასწავლო პრაქტიკას გაივლიან საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან კომპანიებში. სწავლების პროცესი მორგებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც.

პროფესიული განათლების დიპლომის პარალელურად, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ გერმანულ სერტიფიკატს, რომელიც გაიცემა გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ. ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სფეროში, მანთაქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქსა და კვების მრეწველობაში და სხვ.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ, პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს თანამედროვე, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება-განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას. პროექტი ხორციელედება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე