ლას-ვეგასში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 09:54 | 03.10.2017
ნანახია: 967

ლას-ვეგასში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. დაჭრილია 527 ადამიანი. ამის შესახებ ქალაქის შერიფმა ჯოზეფ ლომბარდომ განაცხადა.

მისი თქმით, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

მისივე თქმით, სტივენ პედოკის მოტივი ჯერ დაუდგენელია.

შერიფმა ასევე დაადასტურა, რომ პედოკი ლას-ვეგასთან ახლოს ქალაქ მესკიტში ცხოვრობდა. მის სახლში 18 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს. კიდევ 16 ერთეული იარაღი იპოვეს სასტუმროს ნომერში, საიდანაც მან სროლა განახორციელა.

მანამდე პედოკი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არასდროს ყოფილა. მამაკაცის ნათესავებმა აღიარეს, რომ მათთვის მომხდარი სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.

კვირას გვიან ღამით სტივენ პედოკმა სასტუმროს 32-ე სართულის აივნიდან ქანთრი-მუსიკის ფესტივალის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ლას-ვეგასის ტრაგედია აშშ-ში სროლის შედეგად მსხვერპლის რაოდენობით ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო, გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ პედოკს საერთაშორისო ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე