NDI - ძალადობის ერთმა ფაქტმაც კი შეიძლება, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს

საქართველო, თბილისი - 18:16 | 02.10.2017
ნანახია: 939

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის პირველადი მიგნებები გამოაქვეყნა. ანგარიში 29 აგვისტო-25 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. 

NDI-ის ინფორმაციით, საქართველო 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, ძირითადად, წყნარ და მშვიდობიან პირობებში უახლოვდება. 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პოლიტიკური გარემო პლურალიზმით ხასიათდება და ამომრჩევლებს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. 

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებისთვის მზადების პროცესშია, სამოქალაქო საზოგადოება კი აქტიურ სადამკვირვებლო ღონისძიებებს აწარმოებს. 

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები საარჩევნო პროცესებს ენდობიან და გასულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ როგორც უსაფრთხოს, კარგად ორგანიზებულსა და ზეწოლისგან თავისუფალს. 

ეს არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, სანდო არჩევნების ჩატარების დამკვიდრებული პრაქტიკა გააგრძელოს. ჯერ იდეებისა და პოლიტიკის გარშემო დებატები და არსებითი განხილვები მცირეა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შემოწირულობების 95 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. 

“ქართული ოცნება” მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის - სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის. ოპოზიცია აცხადებს, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღ შეჯიბრს შეუძლებელს ხდის. პარტიები და კანდიდატები ან ძალიან თავდაჯერებულნი არიან, ან შეგუებულნი გარკვეულ შედეგს“,- აღნიშნულია NDI-ის ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, უმეტესად მშვიდობიანი გარემოს მიუხედავად, მარნეულსა და ხობში “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის რამდენიმე ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. 

„ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ოპოზიციური პარტიები ასევე პრობლემატურად ასახელებენ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მმართველის პარტიის მხრიდან დაშინებისა და საარჩევნო კომისიების მიკერძოებული დაკომპლექტების ფაქტებს. 

თუმცა დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები ფორმალური საჩივრების წარდგენისგან თავს იკავებენ. ისინი აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვის პროცესს არ ენდობიან და ხშირად კონკრეტული მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ. 

„მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად მშვიდობიან საარჩევნო გარემოს მივესალმებით, ძალადობის ერთმა ფაქტმაც კი შეიძლება, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს. 

აუცილებელია, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა ღონე იხმარონ, რათა სწრაფად და მიუკერძოებლად დასაჯონ მოძალადეები და ნებისმიერი ტიპის ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობა გამოიჩინონ.

NDI-ის სადამკვირვებლო მისია შედგება: მისიის კორდინატორისგან, 12 გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლისგან და ორი ანალიტიკოსიდან, რომლებიც არჩევნების პროცესში დეზინფორმაციის როლსა და საარჩევნო პროცესებში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას აკვირდებიან“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, 29 აგვისტო-25 სექტემბრის პერიოდში მისია 64-დან 59 საარჩევნო ოლქს ეწვია და 350-ზე მეტი შეხვედრა გამართა მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

მისიის წევრები ასევე დაესწრნენ კამპანიის ღონისძიებებს, საარჩევნო კომისიის სხდომებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს. 

დელეგაცია საქმიანობას საარჩევნო პროცესების დასრულებამდე გააგრძელებს. 

არჩევნების დღისთვის მისიის წევრებს მოკლევადიანი დამკვირვებლების მაღალი დონის დელეგაცია შემოუერთდება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე