აქცია მერიასთან - დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

საქართველო, თბილისი - 16:48 | 02.10.2017
ნანახია: 1156

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. 

მისივე თქმით, აქციის რამდენიმე მონაწილე არის მძიმედ ნაცემი.

შეგახსენებთ, თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მანამდე კი თბილისის სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დედაქალაქის მერ დავით ნარმანიასთან შეხვედრის მიზნით, მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ.

ადგილზე შეკრებილები მოითხოვენ, თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა. 

ცნობისთვის, საკრებულოს გადაწყვეტილების შემდეგ გასხვისების თაობაზე მერიამ უნდა მოამზადოს დოკუმენტი და დამტკიცებისთვის ისევ საკრებულოს გადაუგზავნოს.

29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრი ტერიტორიისათვის ზონალური სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე