საქართველო და იაპონია თავდაცვის სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველო, თბილისი - 10:49 | 12.11.2015
ნანახია: 1944

იაპონიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იაპონიის თავდაცის მინისტრმა გენ ნაკატანიმ თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტის ხელმოწერამდე იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას ოფიციალური დახვედრა მოუწყო. შესრულდა იაპონიისა და საქართველოს ჰიმნები, რომლის დასრულების შემდეგ მინისტრები ჯარისკაცებს მიესალმნენ. 
იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმი პირველად საქართველოსთან გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად საქართველო და იაპონია თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე ითანამშრომლებენ. მემორანდუმი ექსპერტთა გაცვლითი შეხვედრების ორგანიზებას, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში მონაწილეობას, სემინარების გამართვასა და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას.

გენ ნაკატანიმ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარ უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. იაპონიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა იაპონიის თავდაცვის სამინისტროში. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ ეს შეხვედრა შედგა. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძინოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პირველი შეხვედრა - მემორანდუმი თავდაცვის სფეროში, რომელიც ორ სამინისტროს შორის გაფორმდა, დაგვეხმარება პროექტებისა და იდეების კონკრეტულ რეალიზებაში,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრის დასრულებისას იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ქართული დელეგაცია ოფიციალურ სადილზე მიიწვია. თინათინ ხიდაშელმა კი გენ ნაკატანი საქართველოში დაპატიჟა. იაპონიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სურვილი გამოთქვა, საქართველოს ესტუმროს და ადგილზე გაეცნოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს.

ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა პატივი მიაგო სამაშველო ოპერაციებსა და სამხედრო წვრთნებში დაღუპული იაპონიის თავდაცვითი ძალების ჯარისკაცების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკო. 
დღესვე, ქართული დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, იაპონიის თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ესტუმრება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე