ცისანა ტატიშვილს 26 სექტემბერს ოპერის თეატრიდან გააცილებენ

საქართველო, თბილისი - 11:44 | 24.09.2017
ნანახია: 1229

ცისანა ტატიშვილი 38 წელი იყო ზ. ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის პრიმადონა. ლეგენდარულ სოპრანოს, 26 სექტემბერს, 15:00 საათზე მშობლიური თეატრიდან გააცილებენ.

სხვადასხვა დროს, ცისანა ტატიშვილი მღეროდა, მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგში მარიას თეატრის, ევროპის მნიშვნელოვანი თეატრების სცენებზე. ქართველ საოპერო დივას, ქართულ, იტალიურ და რუსულ ოპერებში შესრულებული აქვს როგორც სოპრანოს, ისე მეცო-სოპრანოს წამყვანი პარტიები. ლეგენდარულმა სოპრანომ, ტრიუმფალური გამოსვლებით, აღიარება მოუტანა ქართულ საოპერო ხელოვნებას.

ცისანა ტატიშვილი, რ. შტრაუსის "სალომე"-ს ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, რისთვისაც მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში შევიდა, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად. ქართველ სოპრანოს ყველა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული.

ცისანა ტატიშვილის სახელობის ვარსკვლავი თბილისის ოპერის წინ 2010 წელს გაიხსნა. შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ალბერტ შვაიცერის (გერმანია) საპატიო ორდენის და ოქროს მედლის კავალერი, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსი, ქ.თბილისის საპატიო მოქალაქე.

ლეგენდარულ პრიმადონას, საზოგადოება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან სამშაბათს, 26 სექტემბერს, 15: 00 საათზე გააცილებს, მას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე