ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 17:34 | 14.09.2017
ნანახია: 1331

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს  კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელს გიგა აგლაძეს და მის გუნდს შეხვდა. პირველი სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა ეხებოდა ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის დევიდ ლინჩის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 18-21 ნოემბერს იგეგმება.

„ეს არის საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა, რომ ვუმასპინძლოთ მსოფლიოში ცნობილ რეჟისორს და ვისაუბროთ მის ფონდთან სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის პროგრამების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საინტერესო საგანმანათლებლო და  სოციალური პროექტის განხორციელება. დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის ოფისის დაფუძნება თბილისში, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ქართველი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძე, საქართველოს როგორც კინოინდუსტრიის განვითარების ასევე, საგანმანათლებლო სფეროში ახალი პროექტების განხორციელების ისტორიულ შესაძლებლობებს აძლევს. მოხარული ვარ, რომ მე და ჩემს კოლეგებს მოგვეცემა საშუალება შევხვდეთ და ვუმასპინძლოთ ლეგენდარულ კინორეჟისორს და მასთან ერთად განვიხილოთ საქართველოს განათლების, კულტურისა და სოციალური მიმართულებებით უაღრესად მნიშვნელოვანი სამომავლო ინიციატივები“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარიამ ჯაშმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ნოემბერში დევიდ ლინჩის ვიზიტის დაგეგმარების თაობაზე. მისი თქმით, საქმე ეხება მაღალი დონის შეხვედრების გამართვას, სადაც განიხილება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი ინიციატივა ეხება დევის ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნას საქართველოში, რაც ჩვენს ქვეყანას მისცემს უნიკალურ საშუალებას, რომ თავად განავითაროს კინემატოგრაფიის კუთხით საგანმანათლებლო შესაძლებლობები და ამ კუთხით, რეგიონის მასშტაბით, წარმოჩინდეს როგორც ლიდერი ქვეყანა. ასევე იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია, რომლის დეტალებსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე