სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 14.09.2017
ნანახია: 1061

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 10.00 საათზე ბრალდებულმა ქ.თბილისში, გიორგი მინდელის სახელობის საავტომობილო ხიდის ქვეშ, ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში ესროლა საკუთარ ავტომანქანაში მჯდომს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა."- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

სამართალდამცველებმა დამნაშავე 12 აპრილს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე