ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია - NGO-ები მართვის მოწმობის სამ თვეში დაბრუნების შესაძლებლობას აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 13:13 | 14.09.2017
ნანახია: 1058

არასამთავრობო ორგანიზაციები ნასვამი მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან სამ თვეში, მართვის უფლების დაბრუნების შესაძლებლობას აპროტესტებენ. 

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენლის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია და კანონი ბევრად მკაცრი უნდა იყოს. 

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებში ევროპულ ქვეყნებში, ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენება.

,,კანონის მიღებამდე ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია შსს-მ არ გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც, მართვის უფლების შეჩერების ვადა მინიმუმ 1 წლით უნდა განესაზღვრათ", - ამბობს ლალიაშვილი. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “HUB Georgia”-ს წარმომადგენლის, ვასო ურუშაძის განცხადებით კი, კანონი იმდენად მკაცრი უნდა იყოს, რომ მძღოლს საჭესთან ნასვამი დაჯდომა არ უღირდეს.

ცნობისთვის, ახალი კანონი, რომელიც პირველ ივლისს შევიდა ძალაში, გულისხმობს, რომ ნასვამ მძღოლებს ავტომობილის მართვის უფლება ექვსი თვით ეკრძალებათ. იმ შემთხვევაში, თუ ეს პირველი შემთხვევაა,მოქალაქეს საშუალება ეძლევა სამი თვის შემდეგ 1000 ლარის გადახდის ან გამოცდის ხელახალი ჩაბარებით, მართვის მოწმობა დაიბრუნოს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე