დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 13:33 | 23.09.2015
ნანახია: 1987

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები განხორციელდება, რომელიც დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეუწყობს ხელს.

დღესვე, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური სათამაშო მოედანი გაიხსნა, სადაც ახალქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მათთვის მომზადებული არტეფაქტები აღმოაჩინეს. მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრში რეგიონში არსებული ისტორიული, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ გამოფენა გაიმართა.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი - 16209,42ჰა-ს შეადგენს, სადაც გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, განლაგებულია ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე და საკარვე ადგილები. ტურისტული სერვისებიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს ცხენით გასეირნებასთან ერთად, სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერას სთავაზობს.

პროექტი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე