,,ეს არის ეკლესიის და პატრიარქის შეურაცხყოფა'' - მეუფე დიმიტრი

საქართველო, თბილისი - 18:34 | 05.09.2017
ნანახია: 1588

ის მოტივაცია, რომელიც დღეს გაჟღერდა, რომ შურისძიების მოტივით მოხდა დანაშაული, გაამყარა მეუფე პეტრემ, რომელმაც სასამართლოს სხდომაზე დაიწყო მტკიცება, რომ შორენა თეთრუაშვილი იღებს ყველა გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ განაცხადა.

მისი თქმით, მეუფე პეტრემ ამ ქმედებით, შეგნებულოად თუ შეუგნებლად პირდაპირ პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი.

,,მე ვიტყოდი, რომ ჩვენი დაკითხვის და სასამართლოს პროცესების დროს, იყო ერთგვარი მოთხოვნა და ზეწოლა, რომ შექმნილიყო მოტივაცია შორენა თეთრუაშვილის უძლეველობაზე. თითქოს ის წყვეტს ეკლესიის მნიშვნელოვან საკითხებს. თითქოს მას შეუძლია დააბრკოლოს ადამიანის წინსვლა. მე და სხვა მღვდელმთავრებმა განვაცხადეთ, რომ ეს არის ეკლესიის და პატრიარქის შეურაცხყოფა, რადგან ეკლესიას ყავს სინოდი, რომელიც საეკლესიო საქმეებს განაგებს", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება დაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა. 

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე