მთავრობა მევახშეობას ეწევა - გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებს განმარტავს

საქართველო, თბილისი - 18:22 | 05.09.2017
ნანახია: 1060

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს. მისი მტკიცებით,  ლარის გაუფასურებაში მთავრობაა დამნაშავე.

,,585 მილიონი ლარი გასცა სესხი კომერციულ ბანკებზე. მხოლოდ ბოლო ორ თვეში 400 მილიონი ლარი. მევახშეობას ეწევა. ბიუჯეტის ფულს აპროცენტებს. ამას, მათი ჭკუით, ეკონომიკის ფულის ემისიით სტიმულირება ჰქვია. აბსოლუტურად ვერ ერკვევიან პრიორიტეტებში. დღეს მთავარი პრობლემა ლარი და ფასებია და ეკონომიკის სტიმულირების მთავარი მექანიზმი ლარის სტაბილიზაცია უნდა იყოს. 
ახლა ბანკები აგროვებენ დოლარებს ცუდი მოლოდინების გამო. მის შესასყიდ ფულს კი მთავრობა აძლევს. სრული აბსურდია.
ბანკები კარგს არაფერს ელიან. დარჩენილ ოთხ თვეში 4 მილიარდი ლარია დასახარჯი ბიუჯეტიდან, თანაც წინასაარჩევნო საჭიროებისათვის. 
ეროვნული ბანკი მიხვდა და საკმაოდ შეამცირა რეფინანსირების სესხები. თუმცა მისი ეფექტი ნულოვანი გამოდგა. იმაზე მეტი ფული მთავრობამ მისცა ბანკებს, თანაც უფრო ხანგრძლივვადიანი დეპოზიტების სახით. 
ამაში ეროვნული ბანკიცაა დამნაშავე. კანონით იგი არის მთავრობის ბანკირი და მრჩეველი. უნდა ამბობდეს ხმამაღლა, რომ რასაც მთავრობა სჩადის, პირდაპირ ურტყამს ლარს და ფასებს”, - აცხადებს რომან გოცირიძე.

5 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4926 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4502 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  4.24 თეთრი შეადგინა.                             

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9662 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9177 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.85 თეთრი შეადგინა.   




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე