აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება

საქართველო, თბილისი - 16:02 | 30.08.2017
ნანახია: 935

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.

დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.

რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება.

ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.

ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.

მთელი ღამე შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების მასშტაბები არ გაზრდილა. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს.

გუშინვე მოეწყო ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.

საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე