„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი 30 სექტემბერს გამოვლინდება

საქართველო, თბილისი - 11:30 | 29.08.2017
ნანახია: 1415

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 30 სექტემბერს 15:30 სთ-ზე კინოსახლის განახლებულ დარბაზში (რუსთაველის გამზირზე, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) გამოვლინდება. სპეციალური კომისია 4 ფილმის ნახვის შემდეგ დახურული კენჭისყრის შედეგად შეარჩევს ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ნამუშევარს.  

შეგახსენებთ, 2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:

„ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)

„მძევლები" (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)

„საშიში დედა" (რეჟისორი: ანა ურუშაძე)

„ლუკა" (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც კინოსექტორის ავტორიტეტული წევრებით არის დაკომპლექტებული. კომისიაში ასევე შედიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი.

კომისია სულ 9 წევრისგან შედგება:

  1. კახი კანდელაკი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
  2. ლანა ღოღობერიძე - რეჟისორი
  3. კოტე ჯანდიერი - სცენარისტი
  4. ოთარ შამათავა - რეჟისორი-პროდიუსერი
  5. ია სუხიტაშვილი - მსახიობი
  6. არჩილ ახვლედიანი - ოპერატორი
  7. გიორგი ოვაშვილი - რეჟისორი
  8. ქეთი ტრაპაიძე - კინომცოდნე
  9. ზურაბ მაღალაშვილი - კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის კინოთეატრში გაიმართება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე