მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეეებია გმირულად ებრძვის ხანძარს, - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:23 | 22.08.2017
ნანახია: 946

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბორჯომში, სოფელ დაბასთანხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებს მადლობას უხდის. 

პრეზიდენტის განცხადებით, კოორდინაციის ხარისხი მაღალია და ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. გიორგი მარგველაშვილმა მეზობელი სახელმწიფოების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„რამდენიმე დღე არის ჩვენ ყველას გვაწუხებს და გვაშფოთებს და მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მეხანძრეებს, მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეებია გმირულად ებრძვის ხანძარს, ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ მობილიზებული არის როგორც ჩვენი სახელმწიფოს რესურსი, იმიტომ რომ აქ არის ჩართული როგორც ქართული ძალები, ასევე ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების რესურსები და მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაა, ბატონი პრემიერმინისტრი, მინისტრები, შესაბამისი იმყოფებიან და ამ უბედურებასთან გამკლავების პროცესში არიან აქტიურად ჩართულები.

მინდა მადლობა ვუთრხა საზოგადოებას, რომელიც აქტიურად არის ჩართული. ამავე დროს მოხალისეებს, მინდა ვთხოვო მათ, არაფრის დიდებით დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს დახმარება ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური და მადლობა თქვენი სამოქალაქო ორგანიზებისათვის. ასევე მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება საშიშროება, მიმდინარეობს მუშაობა ხანძრის ლოკალიზაციისკენ და ამ მომენტში არანაირი პანიკის საფუძველი არ არის, მით უმეტეს გამომდინარე იქედან, რომ ოპერატიულად მუშაობს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები, რომლებიც ინფორმირებულები არიან ხანძრის გავრცელების შესახებ და აგრეთვე ოპერატიულად მუშაობს მედიაც, რომელიც როგორც იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, ასევე მთელ ქვეყანას გვაწვდის ინფორმაციას და მადლობა ასევე მედიას ამ საქმეში ასეთი აქტიური, ფაქტიურად 24 საათიანი ჩართულობისთვის" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე