ვლადიმერ ბოისამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 21.08.2017
ნანახია: 926

დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კალათბურთელმა, ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა და ამჟამად კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. 

სპორტული ჟურნალისტის, ზურაბ თალაკვაძის წიგნის - „ბოისა - ჩემი გზა“ - პრეზენტაცია 21 აგვისტოს, 15:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება, სადაც ქართული კალათბურთის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები შეიკრიბებიან. 

ვლადიმერ ბოისას არაერთი მეგობარი ჰყავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლებიც პრეზენტაციას დაესწრებიან და მისი დასრულების შემდეგ გაიმართება ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაცილება. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები 22 აგვისტოს, გამთენიისას, საბერძნეთში გაემგზავრება და  ევროპის ჩემპიონატის წინ  საერთაშორისო ტურნირში - „აკროპოლისის თასზე" მიიღებს მონაწილეობას. საბერძნეთიდან კი საქართველოს ნაკრები ისრაელში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.

ვლადიმერ ბოისას პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრები, რომლებიც თბილისში გუშინ გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა და კონტინენტის მომავალი წლის პირველობის ელიტარულ A დივიზიონში საგზური მოიპოვა.

პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ ვლადიმერ ბოისას ავტობიოგრაფიული წიგნი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე