ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ადვოკატთა პროფესიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 18:22 | 20.08.2017
ნანახია: 1085

,,იურიდიულ კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომ ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად მივიღოთ ძალიან კარგი ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ადვოკატთა ინსტიტუტი როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით კანონში ახალი მუხლები შევა, რომელიც ადვოკატთა საქმიანობის უკეთ მოაწესრიგებს.

„ამ ცვლილებებით, ჩვენ ვცდილობთ კანონში ახალი მუხლები შევიტანოთ, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით არის მოწოდებული და ის ეხება პროფესიაში შესვლას, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების ვადებს, პროცედურებს ანუ არის საკითხები, რომელიც ადვოკატთა საქმიანობის უკეთეს მოწესრიგებას უკავშირდება. ეს იქნება ძალიან კარგი ცვლილებები, რომლითაც ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ ადვოკატთა პროფესიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას",-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გასვლითი შეხვედრა, რომელიც ქობულეთში მეორე დღეა მიმდინარეობს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

დღეს, შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ: საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პრინციპებზე, ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდასა და ასოციაციაში გაწევრიანებაზე, საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაზე, ეთიკის კომისიასა და დისციპლინური დევნის განხორციელებაზე, ასევე დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესზე.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და თავმჯდომარის მოადგილეები ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი. კომიტეტის წევრები გიორგი ხატიძე, გურამ მაჭარაშვილი და აპარატის თანამშრომლები, ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის (PROLoG) წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე