თინათინ ხიდაშელი: ჩვენ მზად ვართ ნატოსთვის და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ

საქართველო, თბილისი - 17:52 | 09.11.2015
ნანახია: 1953

„გვჯერა, რომ სამიტის შედეგად ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ბარიერები აღარ იქნება“,- აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საერთაშორისო ინტერნეტპორტალ "ევრო დიალოგი XXI"-სთან ინტერვიუში. თავდაცვის მინისტრი გამოცემასთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხსა და საქართველოს მთავრობის მტკიცე საგარეო კურსზე საუბრობს.„საქართველოს მთავრობა არ აპირებს შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს ეფუძნება - საქართველო ევროპული დემოკრატიის ქვეყანაა. ჩვენ მზად ვართ ნატოსთვის და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. საქართველო მეგობარი სახელმწიფოების სანდო და ერთგული პარტნიორია. მთავრობა დემოკრატიული, პოლიტიკურად პროგნოზირებადი და საიმედო მოკავშირეა, ქართული ჯარი კი - ანგარიშგასაწევი ძალა“,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი და აღნიშნავს, რომ საქართველო ნატოში ინტეგრაციისთვის მზაობას ნატოს წარმომადგენლებიც ადასტურებენ. 2016 წლის „ვარშავის სამიტთან“ დაკავშირებით კი მინისტრის მოლოდინი ასეთია:„მთავარი მიზანი უცვლელია - ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს წევრები და ყველაფერს ვაკეთებთ ამ პროცესის დასაჩქარებლად. გვჯერა, რომ სამიტის შედეგად ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ბარიერები აღარ იქნება და საქართველოს პროგრესი ღიად, თამამად და ყველასთვის გასაგებ ენაზე დაფიქსირდება. ჩვენ, ყველას ერთად გვჭირდება ხელშესახები შედეგი. ყველამ ერთად უნდა დავამტკიცოთ, რომ „მეტი ნატო საქართველოში“ ფაქტია“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე