გიორგი კვირიკაშვილი როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:22 | 09.11.2015
ნანახია: 1920

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა თბილისში ვიზიტად მყოფ როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის პრეზიდენტთან ელენა როსტროპოვიჩთან და ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებთან.

მხარეებმა მიმოიხილეს ფონდის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებული და მიმდინარე ჯანდაცვის პროექტები, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამები, მათ შორის გულის დაავადებათა გამოსავლენად ახალშობილთა სკრინინგის პროგრამის გავრცელება მთელი საქართველოს მასშტაბით.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოში ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში. თავის მხრივ, ფონდის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მთავრობასთან ტრადიციულად წარმატებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ძალზედ აქტიურ ჩართულობას.

როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ფონდმა დააფინანსა და განახორციელა მთელი რიგი სამედიცინო პროექტები, მათ შორის წითელას, წითურას და ყბაყურას საწინააღმდეგო იმუნიზაცია, ახალშობილებში შიდსის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია, ჰეპატიტ B-ს ელიმინაცია,   ახალშობილთა სკრინინგი თანდაყოლილ ჰიპოთირეოზზე, ახალშობილთა სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკული ფორმის გამოსავლენად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე