მეამაყება, რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ვემსახურები ჩემს სამშობლოს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:00 | 28.07.2017
ნანახია: 1278

მეამაყება, რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ვემსახურები ჩემს სამშობლოს და მასთან ერთად ვარ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ანა დოლიძის საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ შექმნილ ვითარებას.

,,მინდა შეგახსენოთ, რომ ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია და არც ახალი კომკავშირის მშენებელი!

ანა დოლიძე არც "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულია "ქართულ ოცნებაში" და არც მედროვე.

ჩემი პრინციპი ყოველთვის იყო ანა დოლიძისნაირი ძლიერი, ღირებული ფასეულობების მქონე ადამიანებისთვის მიმეცა ქვეყნის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა.

ბევრისაგან განსხვავებით, ქვეყანაში მძიმე ვითარების დროს, ანა არასოდეს გაჩუმებულა, არ შეშინებია პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ხშირად მარტოც კი, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას, როცა ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ანა იცავდა უსამართლობის მსხვერპლ ოჯახებს.

ალბათ ამიტომაც გახდა ანა დოლიძე შეურაცხყოფის სამიზნე "ქართული ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლისთვის. ალბათ ამ პრინციპულობის გამო უშლიან მას ხელს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში. ალბათ ამიტომ არის მიუღებელი არამარტო საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად.

თავს მოვალედ მივიჩნევ, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ანა დოლიძისნაირი უშიშარი, პრინციპული, პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს და არა ის პიროვნებები, რომლებიც ერგებიან ნებისმიერ მთავრობას, რთულ ვითარებებში კი, საკუთარი სიჩუმის გადაფარვას აგრესიით და თავდასხმებით ცდილობენ.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უამრავი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი, გამოგონილი დაპირისპირებების შექმნა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან გაქცევა ახალი არ არის.

მოვუწოდებ პარლამენტს დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას, დეპუტატები კი, კონცენტრირდნენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

26 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის დასრულების შემდეგ, დოლიძე მასსა და  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ვიხილეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი. თანამდებობისთვის შეუფერებელი, სამწუხაროდ ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“. სამწუხაროდ ის ასევე შეურაცხყოფას აყენებს ათი ათასობით სახელმწიფო მოსამსახურეს. ჩვენ საზოგადოებას მითითებული აქვს არაერთხელ ნულოვანი ტოლერანტობა მსგავსი დისკუსის მიმართ“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე