საქართველოს აშშ-ის მეორე ლედი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 19:00 | 27.07.2017
ნანახია: 1312

ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ლედი კარენ პენსი, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად, 1-ელ აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და გაეცნობიან Noble Partner („ღირსეული პარტნიორობის“) სამხედრო წვრთნებში მონაწილე აშშ-ისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. კარენ პენსი შეხვდება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ პაციენტებსა და თერაპევტებს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მეორე ლედი გაესაუბრება რამდენიმე პაციენტს და ნახავს მათ ნამუშევრებს. კარენ პენსს საქართველოში არტ თერაპიის სიტუაციას გააცნობენ „კამარას“ თერაპევტები: ნათია ფანჯიკიძე, ნინო კომახიძე და სალომე ფანჯიკიძე.

კარენ პენსი უკვე ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს არტ თერაპიის დამკვიდრებას და განვითარებას მთელს მსოფლიოში, მუდმივად ნახულობს არტ თერაპიის ცენტრებს და ხვდება არტ თერაპიის ექსპერტებს. არტ თერაპია არის ფსიქოთერაპიის მეთოდი, რომელიც შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და თვითკვლევის გზით ეხმარება პაციენტებს გაუმკლავდნენ მენტალურ და ემოციურ პრობლემებს, ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ გამოჯანმრთელებას.

აშშ-ის მეორე ლედი შეხვდება მხატვარ ოლესია თავაძეს, რომელიც ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს. ოლესია თავაძეს შექმნილი აქვს ილუსტრაციები საბავშვო და არასაბავშვო წიგნებისთვის. მას ამერიკული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი რობერტ ფროსტის შემოქმედება იტაცებს. სწორედ, რობერტ ფროსტის პოემების ინსპირაციით შექმნილი ნახატების გამოფენას დაათვალიერებს აშშ-ის მეორე ლედი, კარენ პენსი. გამოფენა გაიმართება თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა).

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე