კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 18:17 | 27.07.2017
ნანახია: 1072

უკრაინის დედაქალაქ კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.

,,მაიდანზე" საპროტესტო აქციას მიხეილ სააკაშვილის პარტია ,,რუხის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მართავენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ახლა მათი მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება.  

აქციის დაწყებამდე, ლიდერები უკრაინის გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდნენ და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ, რომელიც, როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინას საქართველოს პროკურატურამ მიაწოდა და სწორედ ეს ინფორმაცია გახდა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების მთავარი მიზეზი.

,,რადგან არ ყოფილა საჯარო განცხადება არც პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან და არც გენერალური პროკურატურიდან, მოვედით აქ, რომ პირდაპირ გენერალურიპროკურატურისაგან მოვისმინოთ პასუხები, მართლა იყო თუ არა ახალი ინფორმაცია, რის საფუძველზე გაჩნდა ის? იყო თუ არა პროკურატურის მოთხოვნა, მოხდა თუ არა ეს პოროშენკოსა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ?," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პარტია ,,რუხის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი თქმით, გენერალურმა პროკურატურამ დღეს მათ შეკითხვებს არ უპასუხა.

,,არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები, ვფიქრობ, ეს მოთხოვნა შესაძლოა, ორივე პროკურატურის შეთანხმების შედეგი ყოფილიყო და პირველად ვინ გააკეთა, მნიშვნელობა აღარ აქვს," - აცხადებენ პარტია ,,რუხში".

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე