ოხანაშვილი, მამალაძე და შავშიშვილი განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის საპატრიარქოდან ჩამოშორების საკითხს - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 18:12 | 25.07.2017
ნანახია: 969

ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის, დაკითხვა დასრულდა. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი საქართველოში არ იმყოფება, აქედან გამომდინარე, მისი დაკითხვა Skype-ის მეშვეობით მიმდინარეობდა.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, სოსო ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი, სძულს და მისი მოშორება სურდათ.

ამ ინფორმაცია ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები არ ადასტურებენ. მათი თქმით, დაკითხვის დროს სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილი ზოგადად საპატრიარქოში სძულთ.

"ოხანაშვილი ბრალდებულის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრეა, მანაც ვერ დამალა სიძულვილი და მტრული განწყობა შორენა თეთრუაშვილის მიმართ. სოსო ოხანაშვილი შეეცადა რაღაც გარემოებები შეენიღბა, რომ თითქოს ბრალდებულს ცუდი დამოკიდებულება არ ჰქონდა შორენასთან, მან ვერ უარყო ის ფაქტი, რომ სიძულვილით იყვნენ განწყობილი შორენას მიმართ. იმართებოდა კონსპირაციული შეხვედრები, სადაც სოსო ოხანაშვილი, დეკანოზი გიორგი მამალაძე და ტარას შავშიშვილი განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის საპატრიარქოდან ჩამოშორების საკითხს. მას ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც იყო მოსაშორებელი. როცა მიზანს ვერ მიაღწია დეკანოზმა, შემდეგ აირჩია ყველაზე რადიკალური მეთოდი და თეთრუაშვილის მკვლელობისთვის მზადება დაიწყო. სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან ციანიდი და დანაშაულებრივი განზრახვის შესრულება გადაწყვიტა გერმანიაში. ოხანაშვილის დაკითხვით დადასტურდა ის, რომ ვერანაირად ვერ ჩამოიშორეს თეთრუაშვილი", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 
სოსო ოხანაშვილის დისტანციური დაკითხვა დასრულდა.

დაცვის მხარემ ასევე განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის თქმით, მდივან რეფერენტის სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება ილია მეორემ სამჯერ მიიღო, თუმცა, მეუფეებმა მისი გადარწმუნება შეძლეს.

რაც შეეხება კონკრეტულად ე.წ. ციანიდის საქმეს, ადვოკატების განცხადებით, სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ პატრიარქს მამა გიორგი მამალაძის თავმდებში ჩადგომა სურდა, რათა დეკანოზი ციხიდან გამოეშვათ, მაგრამ ამ საკითხში პატრიარქი მეუფე იაკობმა გადაარწმუნა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე